მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები
მარშრუტი მიყვება მდინარე ტვიბერის ხეობას სოფელ ჟაბეშიდან (მდინარეების ტვიბერისა და ცანერის შესართავიდან) ჩრდილოეთით და გადის ყვითლოდისა და ტვიბერის მყინვარებამდე. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 5,5 კმ-ია, დონეთა სხვაობა 730 მ, ხანგრძლივობა – 6-7 საათი.
მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება მულახის თემის ბოლო სოფელ ჟაბეშში, მდ. მულხურას ხიდიდან, რომელიც მდებარეობს მდინარეების ტვიბერისა და წანერის შესართავიდან 300 მეტრით ქვემოთ. ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მდინარეს მულხურა ეწოდება. ხიდთან, გზის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1580 მ-ზე დიდ ქვაზე ყვითელი საღებავით აღნიშნულია სტარტის მაჩვენებელი ნიშნული. აქედან მდინარე ტვიბერის მარცხენა ნაპირზე, წანერის მყინვარული მასივის ფონზე ჩანს უქონგურო კოშკი. მივყვებით სამარხილო გზას. გავუვლით შიფერით დახურულ განდგომილად მდგარ საცხოვრებელ სახლს და მდ.ტვიბერის მარჯვენა ნაპირით შევდივართ კარიელის ვიწრო ხეობაში. ზღვის დონიდან 1620 მ-ზე დიდ ლოდზე შეგვხვდება ნიშანი, რაც კარიბჭის მაჩვენებელია. აქ ადრე ქვებით ნაშენები ორი დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობა ყოფილა აღმართული. ამჟამად ისინი ფუნქციადაკარგული და დანგრეულია, თუმცა კარგად შეინიშნება მათი კვალი. სვანურმა ზეპირსიტყვიერებამ და ლეგენდებმა ამ კარიბჭეებთან დაკავშირებული მრავალი საგმირო სიუჟეტი შემოგვინახა.
პირველი კარიბჭის გავლის შემდეგ ბილიკი ორად იყოფა, ერთი უხვევს დასავლეთით და ადის მთაში, მეორე – ჩვენი მარშრუტის ბილიკი – მიყვება მდ.ტვიბერს და გეზს იღებს ჩრდილოეთისაკენ. ამის შემდეგ ბილიკი ღელეს გადაკვეთს, იქვე ბუჩქნარში შეგვხვდება სასმელი წყალი. მარშრუტი მიყვება შმაგი მდინარე ტვიბერის ნაპირს. გზადაგზა ბილიკის მარცხნივ გვხვდება ჟოლოსა და მოცვის მასივები. 1800 მ-ზე გავუვლით წაქცეული ფიჭვის მორზე გაკეთებულ ფირნიშს ყვითელი კლაკნილი გამოსახულებით. ამ ადგილებიდან გავლილი გზის მიმართულებით გამოჩნდება სოფელი ჟაბეში, საიდანაც ჩვენ მარშრუტი დავიწყეთ.
სტარტიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მივადგებით მეორე, გარე კარიბჭეს, რაზედაც კარიბჭის ნანგრევებზე ამოსულ ხეზე დამაგრებული ფირნიში მიგვანიშნებს. უკან დაგვრჩა კარიელის ხეობის ფიჭვნარი. აქედან იწყება შერეული ტყე და როდოდენდრონების (დეკას) ბუჩქნარი.
მალე შეგვხვდება გიგანტური ლოდების ნანგრევებით წარმოქმნილი ორი გამოქვაბული და კლდეზე დამაგრებული ბარელიეფი. აქვე ახლოს ნაზვავ თოვლზე გავლით (სეზონის მიხედვით) მივადგებით კლდეს, საიდანაც გადმოსჩქეფს ჩანჩქერი. ამ ადგილებში, რომელსაც ადგილობრივები მაშელანის კლდეს უწოდებენ, ბილიკი გადის მოცხარის ბუჩქნარზე. გვხვდება მჟაუნა და კუცი, არყისა და კედარის შერეული ტყე. ბილიკს გავყავართ მაშელანის ვაკეზე, სადაც შეგვხვდება სასმელი წყალი. აქედან ნიშნულები დასმულია ბილიკის მარცხენა მხარეს. დაახლოებით 1920 მ-ზე ზღვის დონიდან გავუვლით კიდევ ერთ ჩანჩქერს, რომლისთვისაც ფსევდო-ეგზოტიკური სახელი შეურქმევიათ – “დაღლილი ქალის ცრემლები”. აქედან გავდივართ იალაღებზე და დავინახავთ შენობას, რომელიც ადრე ტვიბერისა და ყვითლოდის უღელტეხილებზე გადმოსული ტურისტების თავშესაფარს წარმოადგენდა. აქედან მოჩანს: ჩრდილოეთით თოთი, კლდოვანი მთა ლუხვილი, ხოლო სამხრეთით – ტვიბერის ქედი ჟაბეშის სათიბებითა და დეკას მასივებით. ამის შემდეგ გავდივართ ნაზვავზე ლაკაიას ღელეში, ბილიკი შედის არყნარ ტყესა და ბუჩქნარში, ვეშვებით მდინარის კალაპოტისაკენ. ეს მონაკვეთი დამრეცი და რთულია. ბილიკის მარჯვნივ დიდ ლოდზე შეგვხვდება ნიშნული, რაც ნაზვავზე გადასვლას მიგვანიშნებს. აქედან მარშრუტის ძირითადი ორიენტირია დიებაჩის კლდოვანი მასივი. მასთან მისვლამდე არყის ტყეს მარჯვნივ მოვიტოვებთ. ნაზვავიდან ამოსვლის შემდეგ (2160) ბილიკიდან მარჯვნივ არყის ხეებზე დამაგრებულია ნიშნულები. შემდეგი ნიშნული დასმულია ბილიკის მარჯვნივ მონადირეთა გამოქვაბულებთან დიებაჩის თავზე (2290). აქედან ჩანს: აღმოსავლეთით – ყვითლოდის მყინვარი და მწვერვალი ტიხტინგენი (4618); მის მარჯვნივ – სემის გადასასვლელი, რომელიც მდინარე წანერის ხეობაში გადადის; პირდაპირ – მწვერვალი თოთი და ტვიბერის ყინულვარდნილი.
აქედან გავდივართ თოვლიან ფერდობზე და დაახლოებით 500 მ. გავლის შემდეგ შევდივართ ქვა-ღორღიან ადგილზე, სადაც მინერალური წყლების მარჯვენა მხარეს დიდ ლოდზე მონიშნულია ფინიშის მაუწყებელი სიმბოლო და სიმაღლე ზღვის დონიდან – 2310 მ. ჩვენს პირდარპირ ტვიბერის ყინულვარდნილია.
მე-XX საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას იკრიბებოდა ჩრდილოეთის ცირკის მყინვარები (სერი, ტვიბერი, თოთი, ბაშილი, ძინალა) და აღმოსავლეთიდან მომავალი ყვითლოდის მყინვარი. ეს თოვლ-ყინულოვანი სისტემა საქართველოში ყველაზე მძლავრ ერთიან გამყინვარებულ ზონას ქმნიდა. გასული საუკუნის მანძილზე მყინვარებმა შესამჩნევი დეგრადაცია განიცადეს – ისინი მაღლა მთებისაკენ იწევენ. შედეგად სერის მყინვარმა დაკარგა აქტიური კონტაქტი ტვიბერთან – მათი შეერთების ადგილი მორენული მასითაა ამოვსებული. მსგავსი სურათია ტვიბერისა და ძინალის მყინვარების შესართავთან. ყვითლოდის მყინვარი 700-800 მეტრით დაშორდა ტვიბერს და ა.შ. სამწუხაროდ, მყინვარების დისპერგირების პროცესი გრძელდება.
ჩვენს თვალწინ კავკასიონის გრანდიოზული პანორამა იშლება. აქ ჩრდილოეთიდან წყალგამყოფი ქედის დაახლოებით 12 კილომეტრიან მონაკვეთზე ათამდე უღელტეხილია (ლეხზირი, ბაშილი, ლასხოდარი, ტვიბერი, ყვითლოდი და სხვა). მათზე გამავალი საცალფეხო ბილიკები მდ.ტვიბერის აუზში იყრიან თავს და ერთადერთი გასასვლელით – კარიელის ვიწრო ხეობით უკავშირდებიან მულახს.