მცენარეული საფარი

სვანეთი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა, მყინვარები, ღრმად დაღარული მთათა სისტემები, ზეგნები და პლატოები ეგზოტიკურ ლანდშაფტებს წარმოქმნის, რომლებიც დამშვენებულია მდიდარი მცენარეული საფარით.

კავკასიონის ქედი საიმედოდ იცავს საქართველოს ტერიტორიას ჩრდილოეთის ცივი კლიმატის ზეგავლენისაგან, ხოლო შავი ზღვის სიახლოვე ქმნის ტენიანობის ხელსაყრელ რეჟიმს მცენარეული საფარის ფორმირებისა და ფართოდ გავრცელებისათვის. ბუნებრივი მცენარეულის სიმდიდრით, საქართველოს ტერიტორია მსოფლიოს უნიკალური, გეობოტანიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება.

სვანეთში მკაფიოდაა გამოხატული მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური ზონალურობა. აქ ალპური სარტყელი ვრცელდება 2450-2500 მ-დან 3100-3200 მ-მდე, ტყის ზოლის ზედა საზღვარი კი 2400-2500 მ აღწევს. წიწვოვანი მცენარეების კორომები 800-900 მ-დან გვხვდება. ტყიანი სარტყლის ქვედა ნაწილში გაბატონებულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი რელიქტური შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაში მთავარ სახეობებს (ედიფიკატორებს) წარმოადგენს ქართული მუხა, აღმოსავლური წიფელი, კავკასიური რცხილა, მრავლად გვხვდება კავკასიური ცაცხვი, იფანი, თელა, მთის ნეკერჩხალი, არყი, მურყანი და სხვა.

შერეული ტყეების ქვესარტყელში გვხვდება მონოდომინანტური (წიფლნარი, მუხნარი, რცხილნარი) და ბიდომინანტური (რცხილნარ-წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი და სხვა) კორომები.

მაღალმთიან სარტყელში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები: ნაძვნარი (აღმოსავლეთის ნაძვი), სოჭნარი (კავკასიური სოჭი), ფიჭვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და შერეული ტყეებიც – წიფლნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-სოჭნარი, ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარი და ა.შ.

ქვეტყეებში ფართოდაა გავრცელებული შინდი, ძახველი, ცირცელი, ჭყორი, თხილი, ანწლი, მოცხარი, წყავი, ასკილი, თელადუმა, მაყვალი, მოცვი, კუნელი, პანტა, მაჟალო ვაშლი, ტყემალი, რომელთა უმრავლესობა ხალხურ მედიცინაში ძველთაგანვე გამოიყენება.

ანტიკური კოლხეთი მდიდარი იყო მცენარეული საფარით, ამას დღემდე შემორჩენილი რელიქტური ბიოგარემოც ადასტურებს.

მითიური მედეას ბაღში მრავლი მცენარე ყვაოდა, რომელთა ექსტრაქტებიდან მედეა სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო საშუალებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჯადო – საწამლავებსაც ამზადებდა. მედეამ გახადა თავისი ჯადო-წამლებით იასონი უძლეველი, დააძინა გველეშაპი და ხელი შეუწყო არგონავტებს უმტკივნეულოდ წაეღოთ კოლხეთიდან ოქროს საწმისი. მედეამ გადააქცია ბებერი ცხვარი ბატკნად, მოწამლა კრეონტი და მისი ქალიშვილი კრეუზა და სხვა მრავალი, რაც მიუთითებს მედეას წამლების მაგიურობაზე.

მედეას სახელს უკავშირებენ მკვლევარები მედიცინის წარმოშობას, მას ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრად თვლიან. ჯერ კიდევ ცნობილმა გერმანელმა ბოტანიკოსმა და ექიმმა კურტ იოახიმ შპრენგელმა (1766-1833) თავის “მედიცინის პრაგმატულ ისტორიაში” სპეციალურად შეისწავლა ეს საკითხი და მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე დაასახელა, რომელთაც მედეა წამლების დასამზადებლად იყენებდა. ამჟამად საქართველოში სამასამდე სამკურნალო მცენარეა მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი.

ძველ კოლხეთში სამკურნალო მცენარეების ხალხურ მედიცინაში გამოყენების ტრადიციები დღესაც გრძელდება – ფართოდ გამოიყენება, ოფიციალური მედიცინის მიერ აღიარებული მიქსტურები (პაჭკორია, დოლიძე, ბურდელაძე), მალამოები (კოლხური, თურმანიძე, ქარჩაული, გოჩიტაშვილი), ტრავმატოლოგიური საშუალებები (ასკურვა, ხაბაზი, ლოლაძე და სხვა).

სვანეთის სასწაულებრივად მდიდარი ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მცენარეების სიუხვე და მაღალი ეკოლოგიური სისუფთავე, მინერალური წყლების სიმრავლე, სვანური ხალხური მედიცინის საფუძველია.

ტყეების ნაწილი რელიქტური ქვეტყითაა (წყავი, ჭყორი) წარმოდგენილი.

სუბალპურ სარტყელში (1800-1900 მ-დან 2450-2500 მ-მდე) მცენარეული საფარის შემადგენლობის მრავალფეროვნება კულმინაციას აღწევს. აქ ჩამოყალიბებულია ტყე-ბუჩქნარ-მდელოს მრავალფეროვანი მცენარეული კომპლექსები.

მეჩხერ ტყიან ზოლში ჭარბობს სუბალპური ჯუჯა და ტანბრეცილი მცენარეულობა: ნეკერჩხალი, ლიტვინოვის არყი, მაღალმთის მუხა, კავკასიური სოჭი და სხვა.

სუბალპური მცენარეულობის კოლორიტული წარმომადგენელია რელიქტური მარადმწვანე დეკას მიერ შექმნილი ბუჩქნარი, რომელიც ჩრდილო და დასავლეთი ექსპოზიციის ფერდობების დიდ ფართობებზეა გავრცელებული. გვხვდება გართხმული ღვია, ქონდარა ღვია, კავკასიური მოცვი, ლურჯი მოცვი.

სუბალპური ფიტოლანდშაფტის ფრიად მნიშვნელოვანი შემადგენელია ბალახეული საფარი. მათ შემადგენლობაშია დიყი, დიდი გვირილა – სამტიტა, ლაშქარა, მზიურა, კენკეშა, ხარისშუბლა, კატაბალახა, ნემსიწვერა, ქათმისკუჭა, მაჩიტა, ქარცხვი და სხვა.

სვანეთი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით

სვანეთში გავრცელებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარე

ქართულადსვანურადლათინურად
ასკილიმუქვაარიRosa canina L.
დიდგულათოფრაSambucus nigra L.
ვირისტერფამჭშდვარილTussilago farfara L
კოწახურიგოწხირBerberis vulgaris L.
კუნელიცაანციCrataegus sanguinea pale
მარწყვიბასყFragaria vesca L.
მთის პიტნამინთრრCalamintha Grendiflora (L.) Moench
მჟაველამუხიმ პირპლიდOxalis acetosell L.
მრავალძარღვამუძაარღოლPlantago major L.
მოცვიმეგმულVaccinium myrtillus L.
ონტოკოფაჟენტიPhysalis alkekengi L.
ჟოლოინღაRubus idaeus L.
უცუნა ლამაზიშაშვლიColchicum speciosum Stev
ფარსმანდუკიმუღმურილAchillea millefolium L.
ფითრიჭაგვViscum album L
ქრისტესისხლამელილდChelidonium majus L.
შვიტა მინდვრისბეზულდEquisetum arvense L.
შხარმასამტრაკVeratrum lobelianum Bernh.
ძახველისანწვეფViburnum opulus L.
ძმერხლიზმეხRuscus hypophyllum L.
ხეჭრელიდაშდვა ცინყაFrangula allus Mill. Rhamus frangula L.
ჯინჭარი, ჭინჭარიმერხელUrtica dioica L.